17-19 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის – „112″-ის დირექტორი სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა. გიორგი ბიჭაშვილი რიგაში გამართულ „ევროკავშირის საგანგებო სიტუაციაციების სამსახურების კონფერენცია 2013″ -ს დაესწრო.

ვიზიტის მიზანი იყო, ევროპის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკასა და აღნიშნულ ქვეყნებში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრების სპეციფიკის გაცნობა.

ყოველწლიურ კონფერენციას, სადაც 30 ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი იყო მიწვეული, საქართველოდან წარმომადგენლები პირველად ესწრებოდნენ. მონაწილეობას იღებდნენ როგორც საერთაშორისო დონის ექსპერტები, ისე გადაუდებელი დახმარების სფეროს წარმომადგენლები, საჯარო პირები თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების სამსახურების ერთიანი კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა იმ უმაღლესი თანამდებობის პირთა ვიზიტები, რომელთაც აღნიშნულ სფეროში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი.

ვიზიტის ფარგლებში „112″-ის დირექტორმა პირადად დაათვალიერა რიგაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრები და კოლეგებისგან მიიღო ინფორმაცია ერთიანი გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ. გარდა ამისა, დაათვალიერა გამოფენა, სადაც გაეცნო უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში.

ასევე, გიორგი ბიჭაშვილი დაესწრო 112-ის დაჯილდოების ცერემონიას, სადაც კონკრეტულ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ერთიანი ევროპული ნომრის – 112-ის მომსახურების გაუმჯობესებისა და ცნობადობის გაზრდაზე, სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

„ევროკავშირის საგანგებო სიტუაციაციების სამსახურების კონფერენციაში ქართული მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან კონფერენციაზე მიღებული გამოცდილება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის გაზიარება, საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტთა მოსაზრებების გაცნობა და მათგან მიღებული რეკომენდაციები „112″-ს დაეხმარება, სწრაფად და ეფექტურად აღმოუჩინოს დახმარება, როგორც საქართველოს მოქალაქეეებს, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ტურისტებს.” – განაცხადა „112″-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა.

[/su_spoiler]