29 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტ „112″-ს სხვადასხვა საჯარო სკოლიდან კატასტროფის რისკის შემცირების პროექტში ჩართული მოსწავლეები ესტუმრნენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი და ადგილზე გაცნობოდნენ სამუშაო პროცესს.
მოზარდებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ეფექტურად გამოყენების შესახებ. დაათვალიერეს „112″-ის ქოლ ცენტრი და დააკვირდნენ „112″-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკასა და მომსახურების სტანდარტებს.
„112″-ს ახალგაზრდები „კატასტროფის რისკის შემცირების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის დაუცველ თემებსა და ინსტიტუციებს შორის” პროექტის, მეორე ნაწილის, ფარგლებში ესტუმრნენ. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენთან თანამშრომლობით ხორციელდება და ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის (დიპეკო) მიერ ფინანსდება.
პროექტის ფარგლებში, 2013 წლის 26 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე, ტარდება კატასტროფების რისკების შემცირების საზაფხულო ბანაკი ბაზალეთის ტბის კომპლექსში. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სხვადასხვა ინტერაქტიული თამაშების გამოყენებით უტარდებათ ტრენინგები კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებზე. ბანაკის დასრულების შემდეგ კი ჩამოყალიბდება კატასტროფების რისკების შემცირების კლუბები.
აღნიშნულ პროექტში საქართველოს 4 რეგიონის 10 საპილოტე სკოლაა ჩართული, თბილისიდან და შემდეგი რეგიონებიდან: სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა მთიანეთი. ბანაკში მონაწილეობა მიიღო საპილოტე სკოლების 30-მა მოსწავლემ და 10-მა მასწავლებელმა.