2013 წლის 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში”, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112″ ახალი სერვისის – სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პრეზენტაცია გამართა.
„112″ მოსახლეობას EN 54-ით სტანდარტიზირებულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს სთავაზობს, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული დეტექტორებით ობიექტის აღჭურვას ან/და ობიექტზე უკვე მოქმედი სახანძრო სისტემის ჩართვას „112″-ის სერვისში.
აღნიშნული მომსახურების მიზანია მხუთავი აირის და ხანძრის კერის წარმოქმნისთანავე საფრთხის პრევენცია ფატალური შედეგების დადგომამდე.
სერვისი ეფექტურია, რადგან სისტემა მანამდე რეაგირებს, ვიდრე ადამიანი შეიგრძნობს საფრთხეს. განგაშის სიგნალი ავტომატურად შემოდის „112″-ში და აღნიშნული სამსახური უმოკლეს დროში აგზავნის სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს, რაც მაქსიმალურად ამცირებს ინციდენტის ლიკვიდაციის დროს.
პრეზენტაციაზე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა „112″-ში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.