საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ალმათის აკადემიის ხელმძღვანელის – აიდარ საიტბეკოვის ხელმძღვანელობით ეწვია.
ვიზიტი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის განყოფილების (UNODC ROCA) ორგანიზებით განხორციელდა და მის მიზანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს ეწვივნენ. „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა სტუმარს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარება გააცნო, ასევე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა.