ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია EENA დადებითად აფასებს საქართველოს 112-ის მუშაობას, კოვიდ პანდემიის პერიოდში.

„ერთად დგომით და ბრძოლით ყველა რთული გამოწვევის დამარცხებაა შესაძლებელი. 112-ის გუნდი, პანდემიასთან დაკავშირებულ რთულ გამოწვევებს, სწორედ გუნდური და თავდაუზოგავი შრომით გაუმკლავდა.“
გიორგი არსოშვილი
112-ის დირექტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საწყის ეტაპიდანვე აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და უწყვეტად საგანგებო რეჟიმში მუშაობდა, რათა თითოეულ მოქალაქეს დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიეღო.
საქართველოში, კოვიდ ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან, „112“-ს, მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა – თითოეულ მოქალაქეს ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე. პანდემიის დროს, 112 გახდა პირველი დამაკავშირებელი რგოლი მოქალაქესა და ოჯახის ექიმს შორის.
ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები, ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არა მწვავე გამოძახებები – ოჯახის ექიმებს გადაეცემათ.
ოჯახის ექიმებისათვის, 112-ის მიერ მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის ოპერატიულად გადაცემის მიზნით, „112“-მა, ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სამედიცინო კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიებში გამართა პროგრამული უზრუნველყოფა, აწყობილ იქნა ქსელური კავშირი, რათა პროგრამულად მომხდარიყო პაციენტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა და ოჯახის ექიმების მიერ, შემდგომი მონიტორინგი შეუფერხებლად განხორციელებულიყო.
აღსანიშნავია, რომ 112-ის სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელდა ოჯახის ექიმების გადამზადება პროგრამულ ნაწილში. ასევე, 112-ის ოპერატორებიც*, ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებების მართვასთან დაკავშირებით, უმოკლეს დროში გადამზადნენ.
* პანდემიის პერიოდში 112-ში ოპერატორთა რაოდენობა გაიზარდა 115 %-ით.
პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 46%-ით გაიზარდა ზარების რაოდენობა და 7 მილიონამდე ზარი შემოვიდა, 2021 წელს კი 5 მილიონი. ზარების მკვეთრი მატების გამო, იმისათვის რომ გადაუდებელი შემთხვევისას, მოქალაქეს არ შექმნოდა დაკავშირების პრობლემა, 112 დაიყო სამ არხად, კერძოდ:
• 112 – სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება
• 112-1 – პოლიცია და სახანძრო/სამაშველო სამსახური
• 112-2* – COVID-19
*შენიშვნა: 112-2 ამ ეტაპზეც შენარჩუნებულია.
ასევე, შეიქმნა ელექტრონული პორტალი – https://er.moh.gov.ge/ სადაც მოქალაქეს 112-ში სატელეფონო კომუნიკაციის ნაცვლად, შესაძლებლობა აქვს კოვიდდადასტურების შეთხვევაში დარეგისტრირდეს. პორტალზე მიღებული ინფორმაცია, 112-ის მიერ მუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.
პანდემიასთან დაკავშირებით გაზრდილი მომართვიანობის გამო საჭირო გახდა ალტერნატიული საინფორმაციო / nonemergency სატელეფონო ხაზის ამოქმედება. „112“-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144; აღნიშნული ცხელი ხაზის მთავარ ფუნქციას წარმოადგენდა, პანდემიის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა. ალტერნატიული nonemergency ტიპის ცხელის ხაზის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად განტვირთვა 112 და შეამცირა საინფორმაციო ტიპის ზარები.
პანდემიის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქმედო გეგმის მიხედვით გაწერილი აქტივობების განხორციელებამ, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, რისი ნათელი დასტურია მომხმარებელთა კვლევის შედეგი, კერძოდ, 2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მომხმარებელთა 84 % კმაყოფილია გაწეული მომსახურებით.
– „ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, კიდევ უფრო ეფექტური სერვისი შევთავაზოთ მოქალაქეებს და ცენტრის მუშაობა სრულად შესაბამისობაში მოვიყვანოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან. სწორედ ამიტომ, პანდემიასთან ბრძოლისა და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობის პარალელურად შევძელით და განვახორციელეთ სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც. კერძოდ, დავნერგეთ ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი ამერიკული პროგრამა – ProQA, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ავტომატურად განისაზღვროს ინციდენტის პრიორიტეტი და მოქალაქეებს ბრიგადის მისვლამდე პირველი გადაუდებელი დახმარების კონსულტაციები გავუწიოთ.
ასევე, წარმატებით დავნერგეთ საერთაშორისო ISO სტანდარტები (ISO 21001:2018; ISO 9001:2015), რაც დამატებით უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას.“
გიორგი არსოშვილი
112-ის დირექტორი
საქართველოს 112 მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე ინოვაციური პროექტების დანერგვას, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს გადაუდებელი დახმარების მყისიერ და ეფექტურ მიწოდებას.