შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გორში, ქალაქის ცენტრში, შადრევნის სკვერში შემეცნებითი და გასართობი აქტივობები გაიმართა.
დღის განმავლობაში, საზოგადოებრივ ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – მიხეილ შაყულაშვილი, ასევე, ქალაქ გორის მერი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ღონისძიებაზე მისული სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას გაეცნენ. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე დაეთვალიერებინათ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.