შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება თელავში, ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი ალადაშვილი და ქალაქ თელავის მერი – ლევან ანდრიაშვილი.
კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, თელავში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდა. ღონისძიებაზე მისული სტუმრები საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას გაეცნენ, ასევე, აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
მოზარდებმა და ბავშვებმა, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და მართლწესრიგის საკითხებზე საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ სახალხო ღონისძიებების პარალელურად საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები სკოლებშიც მიმდინარეობს, რომელთა ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლები მოსწავლეებს მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე ინფორმაციას აწვდიან. კამპანიის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.