შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და ქალაქ რუსთავის მერი დაესწრნენ.

კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რუსთავში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას გაცნობოდნენ და აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა დაეთვალიერებინათ.

მოზარდებმა და ბავშვებმა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო ღონისძიებების პარალელურად, უკვე დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლები სკოლებში მართავენ შეხვედრებს, რომელთა მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებზე მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიან მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე.

კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიებები და შეხვედრები სკოლებში ბათუმსა და ზუგდიდში უკვე გაიმართა.

#ემეგობრეპოლიციას

[/su_spoiler]