
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორის, რუსთავისა და თელავის სკოლებში გაიმართა.
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანი ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″-ის წარმომადგენელმა, მოზარდებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა შემთხვევაში უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან.
სკოლებში შეხვედრების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონებში საზოგადოებრივი ღონისძიებები იმართებოდა.