შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ამჯერად ამბროლაურში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე და ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სახალხო ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას გაცნობოდა.

სტუმრებმა ასევე ამავე დანაყოფების აღჭურვილობა და სპეცტექნიკა დაათვალიერეს. ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.

კამპანიის ფარგლებში, სახალხო ღონისძიებების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებს მართავენ, სადაც მოზარდებს ინფორმაციას მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე აწვდიან.

#ემეგობრეპოლიციას

[/su_spoiler]