აღნიშნული შეხვედრების ჩატარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული. ღონისძიებების მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა, აგრეთვე, მათი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაცნობა.
რეგიონულ შეხვედრებში შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩართული იყვნენ მომსახურების სააგენტოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შეხვედრებზე სამინისტროს ზემოაღნიშნული დანაყოფების თანამშრომლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილეს წინა წლებში უწყების მიერ შშმ პირთა უფლებრივი გაძლიერების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და შშმ პირებს, მათ ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამინისტროს სამომავლო ხედვა და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართა გორში, მარნეულში, რუსთავში, საგარეჯოსა და თელავში.
აღნიშნულ შეხვედრებს ორგანიზებას უწევდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCCE), რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მუდმივ მზაობას გამოხატავს, მხარი დაუჭიროს სამინისტროს, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაში.