შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ორგანიზებით, პროექტის -„საერთაშორისო სამართალდამცავი საკოორდინაციო დანაყოფების (ILECUs) ქსელის გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” – ბენეფიციარი ქვეყნების დელეგაცია ეწვია. 

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ  სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრების (ILECUs) წარმომადგენლები უნგრეთიდან, რუმინეთიდან, მოლდოვიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან და სერბეთიდან.

  
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში, დელეგაციამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საექსპერტო – კრიმინალისტიკური, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მიგრაციის დეპარტამენტების, აგრეთვე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ისა და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებთან. სტუმრები ადგილზე გაეცნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მუშაობის სპეციფიკას. 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა ერთდღიანი სემინარი, საერთაშორისო სამართალდამცავი საკოორდინაციო დანაყოფების კომუნიკაციისა და შესაძლებლობების განვითარების თემაზე. 

აღნიშნული პროექტი – „საერთაშორისო სამართალდამცავი საკოორდინაციო დანაყოფების (ILECUs) ქსელის გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”- დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და  შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია საერთაშორისო საკოორდინაციო სამართალდამცავი ერთეულების (ILECUs) გაძლიერება დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და  რეგიონული თანამშრომლობის მდგრადი განვითარება ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

[/su_spoiler]