შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, პროექტის – „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ – ფარგლებში, აპრილის თვეში, საჯარო და კერძო სკოლების 800-მდე მოსწავლე ეწვია.
„112“-ის წარმომადგენლებმა მოზარდებს გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნეს.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ მსგავსი შემთხვევების დროს და როგორ უნდა ითანამშრომლონ „112“-ის ოპერატორთან.
მოზარდებს, ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და სანქციები, რომლებიც ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაშია გათვალისწინებული.