საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე გიორგი სახოკიასთან ერთად, 112-ის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

მინისტრმა ცენტრის ეფექტიან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და ისინი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა 112-ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაში და ცენტრის ყველა თანამშრომელს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის -112-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და სამინისტროს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, გეკა გელაძემ 112-ის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად არის აღჭურვილი. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თანამშრომლების სამუშაო გარემოს, რაც ცენტრის სამომავლო საქმიანობის ეფექტიანობაზე დადებითად აისახება.

112-ის დღე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

გალერეა