შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის დირექტორი ავთანდილ ჩიტაძე, „112“-ის პროექტების მენეჯერი სალომე ჩუხუა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნიკა გელაშვილი გერმანიაში ქ. ბერლინში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციას – Euro Navigator დაესწრნენ.
 
კონფერენციის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა ProQA, ასევე გადაუდებელი შემთხვევების მართვისადმი სისტემატიზირებული მიდგომის აუცილებლობა, ჭკვიანი კამერების როლი გადაუდებელი შემთხვევების ეფექტურად მართვისთვის და ე.წ. ცხელი წერტილების განსაზღვრის მნიშვნელობა გადაუდებელი სიტუაციების მართვის მეტი ეფექტურობისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ProQA-ს დანერგვის პროცესშია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროგრამის მომხმარებელი სხვა ქვეყნების წარმომადგენლების გაცნობა, რომლებმაც „112“-ის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და პროგრამის დანერგვით გამოწვეული სავარაუდო შედეგები. „112“-ის წარმომადგენლები ესაუბრნენ დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, იტალიის და გერმანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლებს.
 
ზემოაღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება. წლის განმავლობაში კონფერენციები ეწყობა ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ავსტრალიაში და ამერიკაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ იმ უწყების თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და გადაუდებელი სიტუაციების ეფექტურად მართვის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის ProQA-ს მომხმარებლები არიან, ან გეგმავენ აღნიშნული პროგრამის დანერვას.
 
მონაწილეები კონფერენციას ესწრებიან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ ევროპის ნავიგატორის კონფერენციას სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად.