16 მაისი გათენდა, ცაზე მზე ანათებდა. როგორც ყოველთვის, ნინი დედამ გააღვიძა – ეს პროცესი აუტანელი იყო მისთვის:
– სკოლაში წასვლის დროა დე, საუზმეს გაგიმზადებ – უთხრა მზრუნველი ტონით დედამ
– დღეს რომ არ წავიდე არ შეიძლება?! – როგორც ყოველთვის ზარმაცობდა ნინი
– აუცილებლად უნდა წახვიდე! გამოფხიზლდი.
– კარგი კარგი…
 
გაკვეთილები შუადღის 3 საათზე დასრულდა, ნინი კლასელებთან კომუნიკაციით არ გამოირჩეოდა, უფრო გულჩათხრობილი იყო, ვიდრე თავისი კლასელები. Facebook-ზე მეგობარმა ბიჭმა, ნიკამ, მისწერა:
– ნინ რას აკეთებ?
– აუ რავი დაღლილი ვარ, ახლა გამოვედი სკოლიდან, შენ? 
– მე ბიჭებთან ერთად ვარ, საღამოს რა გეგმები გაქვს? 
– არაფერი საერთოდ, რატომ მეკითხები?
– ვიფიქრე სადმე გავიდოდით…
– შეიძლება, თუმცა დედაჩემი გვიანობამდე არ გამომიშვებს.
– ოო ! კარგი რა.
– კარგი მოვიფიქრებ რამეს. – უთხრა ნინიმ და სახლში შევიდა. 
 
იმ საღამოს დედა მოტყუებული დარჩა, რადგან ეგონა თავისი შვილი კლასელთან მიდიოდა დაბადების დღეზე, თუმცა ამაოდ. ნიკა და ნინი კუს ტბაზე სეირნობდნენ…
 
11 საათი იყო, როდესაც ტელეფონზე დაურეკა დედამ და გააფრთხილა – სახლში მოსვლის დროა! – კარგ დროს ატარებდნენ ერთად, ამიტომ ნინიმ ტელეფონი გამორთო და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა სახლში, როცა ღამის პირველი საათი ხდებოდა. 

– შენ დაისჯები ! – უყვირა დედამ, მის თვალებში სიბრაზე და შიში შვილის დაკარგვისა, ერთად იკითხებოდა. ნინი პირდაპირ თავის ოთახში შევიდა, ზედმეტი თავის მართლების გარეშე დაიძინა.
 
17 მაისი წვიმაში გაეხვია შაბათ დღეს, 14 წლის ნინი ძილს აგრძელებდა, როდესაც დედამ ინტერნეტი გამოურთო და სახლში ჩაკეტა, მაგიდაზე წერილი დატოვა – როცა გაიღვიძებ, საკვები მაცივარშია და მიირთვი ! მე საღამოს დავბრუნდები.
გოგონამ გაიღვიძა, პირი არაფერს დააკარა – მოიწყინა, გარეთ გაიხედა და ამინდიც შესაბამისი დახვდა, პროტესტის გრძნობამ იქამდე მიიყვანა, რომ აბები გადაყლაპა. დასჯილის ამპლუა ნინისთვის პირველი არ იყო, თუმცა ნიკა ენატრებოდა.
გამბედაობა არ ეყო, შეეშინდა და 112-ში დარეკა, ზარის შემდეგ ყურმილიდან ხმა მოესმა:
– 112 გისმენთ !
– გამარჯობა, რამდენიმე აბი დავლიე და მოვკვდები?
– სად იმყოფებით? 
– მოვკვდები? – დაჟინებით კითხულობდა ნინი
– გიპასუხებ აუცილებლად, მაგრამ მითხარი სად ხარ? – არ მოეშვა ოპერატორი
– ვერ გეტყვით! დედამ არ მინდა გაიგოს..
– არ გავაგებინებ, გპირდები. 
 
ოპერატორის გამჭრიახმა გონებამ დიდი როლი ითამაშა. ის მეგობრულად ესაუბრებოდა გოგონას, რითაც მოიპოვა მისი ნდობა, გამოკითხა სახელი და გვარი, ამასთან ერთად მისი სკოლის სახელწოდებაც. 

მოპოვებული ინფორმაციით, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემის – eSchool-ის საშუალებით დაადგინა გოგონას ლოკაცია და გაგზავნა მასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება. 

დედა უკვე სახლში იმყოფებოდა, როდესაც ოპერატორი, გადამოწმების და სიფრთხილის მიზნით, დაუკავშირდა მას. კითხვაზე – თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა ახლა ნინი, დედამ უპასუხა – კარგად არის! ახლა ჩემ გვერდითაა.
2 წუთის შემდეგ დედამ თავად დარეკა სასწრაფოში:
– ძალიან გთხოვთ! შვილი მიკვდება …
– დამშვიდდით ქალბატონო, სასწრაფო უკვე თქვენს სახლთანაა – უპასუხა ოპერატორმა

✔112-ის ოპერატორის სწრაფი რეაგირების უნარმა და მაღალმა პროფესიონალიზმა შეძლო მოზარდის სიცოცხლის გადარჩენა.