შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლები, ხორვატიაში, კერძოდ ქ. დუბროვნიკში გამართულ ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრნენ.
კონფერენციას 60-მდე ქვეყნის გადაუდებელი დახმარების სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა. ძირითად თემებს წარმოადგენდა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გადაუდებელი დახმარების სერვისების გაუმჯობესება და გამრავალფეროვნება. ადრეული გაფრთხილების სისტემები, როგორც ბუნებრივი კატასტროფის პროგნოზირების, ასევე მოსახლეობისთვის შეტყობინების კუთხით. ე.წ ჭკვიანი ქალაქები და მათი როლი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ზარების სტანდარტიზებული მართვა პროტოკოლების მიხედვით, რაც ამარტივებს პრიორიტეტის მინიჭების პროცესს.
საქართველოს 112-ის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გამოცდილებისა და სამომავლო პროექტების შესახებ შეხედულებები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA-European Emergency Number Association) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა, ქ. ბრიუსელში. ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – 112-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა. 2008 წლიდან, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურ კონფერენციას ატარებს.
საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის, 3 სექტემბერს გახდა.