შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორებმა, „112“-ის დღისადმი მიძღვნილი ცნობადობის გაზრდის კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკური გიმნაზიის და ქ. რუსთავის კერძო სკოლა „ლამპარის“ მოსწავლეებს ინტერაქტიული გაკვეთილები ჩაუტარეს. „112“-ის ოპერატორებმა სკოლის მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. მოზარდებს ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს. 11 თებერვალი 112-ის დღედ, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2009 წელს გამოცხადდა. 112-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ევროპის მასშტაბით, ყოველწლიურად იმართება. ამ დღის აღნიშვნის მიზანს მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.