შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლებმა, პროექტის – „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ – ფარგლებში, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების 6 ქალაქში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს.
ცენტრის თანამშრომლებმა მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – 112-ის შესახებ, რომლის მიზანია გადაუდებელი შემთხვევების დროს მოქალაქეების დახმარება, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. მოსწავლეებმა, ასევე, შეიტყვეს: როდის და როგორ უნდა დარეკონ 112-ზე; რომელი გადაუდებელი სამსახურის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით და რა სანქციებია გათვალისწინებული არამიზნობრივი ზარის განხორციელების შემთხვევაში.
ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენლებმა, ასევე, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სხვადასხვა სკოლის 140-მდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან. „112“-ის თანამშრომლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ პირებს შეეძლებათ, მოზარდებს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომრის, გადაუდებელი შემთხვევის მნიშვნელობისა და „112“-თან დაკავშირების გზების შესახებ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები თბილისისა და ქალაქ რუსთავის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრებსაც სტუმრობენ. 2018 წლის განმავლობაში, „112“-ის წარმომადგენლები 2000-მდე მოსწავლეს შეხვდნენ. პროექტი მომდევნოს წელსაც გაგრძელდება.