კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან ერთად, კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. „112“-ის წარმომადგენელმა მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის და ცენტრის ინოვაციური სერვისის – მობილური აპლიკაციის შესახებ. აპლიკაციის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა „SOS – ჩუმი განგაში“. ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს საუბარი არ შეუძლია და ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას, მას შეუძლია გამოიყენოს „SOS – ჩუმი განგაშის“ ფუნქცია, მაგალითად, ოჯახური ძალადობის, გატაცების, ყაჩაღობის დროს ან სხვა მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში და დახმარება ითხოვოს.
შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორები და ადგილობრივი მოსახლეობა.