შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა, პროექტის – „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ – განხორციელება რეგიონებშიც დაიწყო. პირველ ეტაპზე, „112“-ის წარმომადგენლები ქალაქ გორის მე-8 საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ცენტრის თანამშრომლებმა მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – 112-ის შესახებ, რომლის მიზანია გადაუდებელი შემთხვევების დროს მოქალაქეების დახმარება, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. მოსწავლეებმა, ასევე, შეიტყვეს: როდის და როგორ უნდა დარეკონ 112-ზე; რომელი გადაუდებელი სამსახურის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით და რა სანქციებია გათვალისწინებული არამიზნობრივი ზარის განხორციელების შემთხვევაში.
ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენლებმა, ასევე, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს 25-მდე სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან. „112“-ის თანამშრომლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ პირებს შეეძლებათ, მოზარდებს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომრის, გადაუდებელი შემთხვევის მნიშვნელობისა და „112“-თან დაკავშირების გზების შესახებ.
პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, წლის ბოლომდე გაგრძელდება. მსგავსი შეხვედრები შიდა ქართლისა და კახეთის 6 ქალაქში ჩატარდება. „112“-ის წარმომადგენლები სულ 400-მდე მოსწავლესა და 140-მდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს შეხვდებიან.