შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ფიჯის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი რატუ ინოქე კუბუაბოლა თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ.
„112“-ის წარმომადგენელი ფიჯის დელეგაციის წევრებს ესაუბრა ცენტრში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის მობილურ აპლიკაციაზეც, რომლის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.