შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლები და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კონსული ოლღა ჰორაკოვა ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ. 
„112“-ის წარმომადგენელი დელეგაციის წევრებს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
სტუმრები დაინტერესდნენ „112“-ის ინოვაციური სერვისებით, განსაკუთრებით, მობილური აპლიკაციით, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს არამიზნობრივი ზარებისა და მათი შემცირების მიზნით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შესახებ, მათ შორის, სოციალურ კამპანიაზე – „ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში“. ჩეხეთის რესპუბლიკის კონსულმა აღნიშნულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა.