შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტის – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ გამოყოფილი გრანტით ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის სასწავლო ცენტრის გაძლიერებასა და ერთიანი პროფესიული პროგრამის შემუშავებას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროგრამით, „112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის სასწავლო ცენტრს შესაძლებლობა ექნება, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს ჩამოყალიბდა. ცენტრი მუდმივად ზრუნავს „112“-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე, ამ მიმართულებით მომსახურებას უწევს მომიჯნავე სამსახურებსა და სხვა ორგანიზაციებს