საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში უმასპინძლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა სტუმრებს წარუდგინა როგორ საბავშვო, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტები. ბავშვებისთვის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო „კოსმოსური ხომალდი“ – „112“-ის შენობის მსგავსი მინი-კონსტრუქცია, სადაც მოზარდებს შეეძლოთ, ცენტრის ოპერატორების დახმარებით, სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშები ეთამაშათ. გამარჯვებული ბავშვები „112-ის კოსმოსური ხომალდის წევრები“ გახდნენ და სპეციალური საშვით დაჯილდოვდნენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოზარდებმა ისწავლეს, თუ როდის უნდა დარეკონ „112“-ზე და როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში. ბავშვებს, ასევე, ჩაუტარდათ ინტერაქტიული პრეზენტაციები გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ, რის შემდეგაც სიმბოლურად გადაეცათ სერტიფიკატები. ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა მობილური აპლიკაციაც წარმოადგინა, რომლის მთავარი უპირატესობა ადგილმდებარეობის განსაზღვრაა. თითოეულ სტუმარს საშუალება ჰქონდა, ადგილზე გასცნობოდა აპლიკაციის ფუნქციებს. „112“-ის თანამშრომლებმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ აღნიშნული სერვისი გადაუდებელი შემთხვევის დროს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ერთიან საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც სამეგრელოს რეგიონიდან მიზნობრივად დარეკეს 112-ზე, გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გადაარჩინეს სხვისი სიცოცხლე, მაშინ როცა წამები იყო გადამწყვეტი. „საუკეთესო მოქალაქის“ ნომინაციაში, „112“-ის დირექტორმა ნიკა გელაშვილმა 3 ადამიანი სამეგრელოს რეგიონიდან დააჯილდოვა.