მიმდინარე წლის აპრილის თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს, პროექტის – „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის“ ფარგლებში, თბილისისა და ქ. რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების 300-მდე მოსწავლე ეწვია.
ასევე, „112“-ის თბილისის ცენტრს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით სხვადასხვა სკოლის 100-მდე მოსწავლე სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. მოზარდებმა, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.
ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე და რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით.