შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის სტუდენტები ეწვივნენ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო „ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისა და კრიზისის მართვის დროს“.
„112“-ის წარმომადგენლები სტუდენტებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტების შესახებ ესაუბრნენ, მათ შორის, მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც მოქალაქესა და „112“-ის ოპერატორს შორის უმოკლეს დროში კავშირის დამყარებისა და ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.
სტუმრებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს SMS და ვიდეო ზარის სერვისების შესახებ, რომელთა საშუალებითაც სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს. „112“-ის წარმომადგენელმა სტუდენტებს დაგეგმილი თანამედროვე და ინოვაციური პროექტებიც გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.