შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს – ჰანს კლუგეს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს – ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – თამარ გაბუნია.

სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, თუ რა პროცესი მიმდინარეობს მოქალაქის მიერ 112-ზე დარეკვიდან შესაბამის სამსახურებთან გადამისამართებამდე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის ფუნქციები, რომელიც პანდემიის დროს დაემატა „112“-ის ცენტრს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა – ჰანს კლუგემ დადებითად შეაფასა „112“-ის მუშაობა და ის აქტივობები, რაც „112“-მა კორონავირუსის ეფექტურად მართვისთვის შეიმუშავა.

გალერეა