შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-მა, 4 მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა. მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.

ბარბარე ბაშარული, 12 წლის – ბარბარემ ბაბუის დასახმარებლად 112-ში სოფელ კარალეთიდან დარეკა, ბაბუა კიბის ქვეშ მოყვა და ბარბარემ მაშინვე მის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

ანა მამაცაშვილი, 7 წლის – ანამ, 112-ში ბებიის დასახმარებლად დარეკა, ოპერატორს დეტალურად და ზუსტად აუხსნა, როგორც სახლის მისამართი, ისე ბებიის მდგომარეობა და მის გადასარჩენად სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

ნია ნიკოლაიშვილი, 11 წლის – ნია ბებიასთან ერთად მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ბებია ცუდად გახდა, ნია არ დაიბნა, დარეკა 112-ში, მისამართი სრული სიზუსტით და თანმიმდევრობით აუხსნა ოპერატორს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

ირაკლი ანჩაბაძე, 14 წლის – ირაკლიმ სრულიად უცნობი მამაკაცის დასახმარებლად დარეკა 112-ში, რომელიც ქუჩაში შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან, ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში.