შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, პროექტის – „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის“ ფარგლებში, სკოლა „ჯეჯილის“ მოსწავლეები ესტუმრნენ.
მოზარდებმა 112-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. 112-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს სრული ინფორმაცია მიაწოდეს გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, გადაუდებელი შემთხვევების დროს ოპერატიული დახმარების აღმოჩენა.
მოსწავლეებს, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ იმის შესახებ: თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე; რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით. მათ, აგრეთვე, შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში.