შსს-ს 112-ის დეპარტამენტს, 14 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით, ინოვაციური პროექტის – „კოსმოსური ხომალდის“ გამარჯვებული 200-მდე ბავშვი ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, 112-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა დროს უნდა დარეკონ გადაუდებელი დახმარების ნომერზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან და რა სანქციები არსებობს ცრუ და არამიზნობრივი ზარის განხორციელების შემთხვევაში. მოზარდებმა შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორების სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

შეხვედრის დასასრულს ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 2016 წლის 24-25 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოზარდებში მართლწესრიგის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, „თბილისი მოლში“ იმიტირებული „უსაფრთხო ქალაქი“ მოაწყო.

შსს-ს 112-ის დეპარტამენტმა „უსაფრთხო ქალაქში“ საბავშვო პროექტი „კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა. 112-ის ოპერატორებმა ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშები შესთავაზეს. ხომალდის კაპიტანმა გამარჯვებულებს უნივერსალური საშვები გადასცა, რომელთა საშუალებითაც ისინი ნამდვილ 112-ში მოხვდნენ.

[/su_spoiler]