ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ჩაგვრის ფორმაა. იგი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული მოვლენაა.

ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები,
მეურვე, მზრუნველი,მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად
ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ ან/და ახდენს არასრულწოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას.

მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც გამოსცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ასევე, არასრწულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესი უგულებელყოფილია ოჯახის წევრის მიერ.

ძალადობა ოჯახში ყველაზე ხშირად ქალების და ბავშვების მიმართ ხდება!

ფიზიკური ძალადობა
ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, უკანონო თავისუფლების აღკვეთა ან ქმედება,რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.

ფსიქოლოგიური ძალადობა
შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა,
პატივისა და ღირსების შელახვა.

სექსუალური ძალადობა
სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.

ეკონომიკური ძალადობა
საკვებითა და საცხოვრებლით სარგებლობის განზრახ შეზღუდვა, დასაქმების და თანასაკუთრებით სარგებლობის განზრახ შეზღუდვა.

იძულება
ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავებაც მისი უფლებააანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა
მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

ოჯახში ძალადობა ყველას ეხება და მასთან ბრძოლის პასუხისმგებლობაც თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. ის აუცილებლად უნდა აღიკვეთოს და ამ პროცესში ყველა ადამიანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

თუ ოჯახში ძალადობას განიცდით:

  • დარეკეთ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე 112;
  • შეატყობინეთ უბნის ინსპექტორს/მართლწესრიგის ოფიცერს ან/და სასამართლოს;
  • მოითხოვეთ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემა;
  • კონსულტაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე – 116006 (24/7). (შეგიძლიათ მოითხოვოთ ანონიმურობის დაცვა)

საქართველოს კანონმდებლობით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რაც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან/და ტანჯვას, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რისთვისაც მოძალადეს შესაძლოა
შეეფარდოს:

  • პატიმრობა;
  • საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
  • იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვები.


შემაკავებელი ორდერი
შემაკავებელი ორდერი გამოიცემა პოლიციის თანამშრომლის მიერ 1 თვემდე ვადით და ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ორდერი მოძალადეს უკრძალავს გარკვეულ ქმედებებს – მსხვერპლთან მიახლოებას,
კომუნიკაციას, იარაღის ტარებას, საერთო ქონებით ერთპიროვნულად სარგებლობას და ა.შ.
მოძალადის მხრიდან ორდერის დარღვევა დანაშაულია.

დამცავი ორდერი
დამცავი ორდერი გამოიცემა სასამართლოს მიერ და სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს: მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ან მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში კი – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ხოლო 14 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად.
ორდერი მოძალადეს უკრძალავს გარკვეულ ქმედებებს: მსხვერპლთან მიახლოებას, იარაღის ტარებას, საერთო ქონებით ერთპიროვნულად სარგებლობას და ა.შ.
მოძალადის მხრიდან ორდერის დარღვევა დანაშაულია.
სასამართლო დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადებას განიხილავს 10 დღის ვადაში
(განცხადების სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრაციიდან).

დამცავი ორდერი 6 თვემდე ვადით გამოიცემა.

თავშესაფარი
თავშესაფარი – ქვეყნის მასშტაბით ძალადობის მსხვერპლთათვის მოქმედებს 5 თავშესაფარი: თბილისში, გორში, სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში, რომელთა მისამართები კონფიდენციალურია.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის და მისი შვილ(ებ)ისთვის თავშესაფარში უზრუნველყოფილია დროებითი სადღეღამისი საცხოვრისი, რაც მოიცავს: კვებას, ჰიგიენის და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფას. თავშესაფარი მსხვერპლს და მის შვილ(ებ)ს უსასყიდლოდ სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

  • ფსიქოლოგიური დახმარება;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება;
  • სამართლებრივი დახმარება (იურიდიული კონსულტაცია, ადვოკატირება, სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებში წარმომადგენლობით);
  • საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება.


კრიზისული ცენტრი
კრიზისული ცენტრი – ქვეყნის მასშტაბით 5 კრიზისული ცენტრი მოქმედებს: თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და მარნეულში. კრიზისული ცენტრი მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს უსასყიდლოდ (უფასოდ) სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

  • ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია/დახმარება;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება;
  • სამართლებრივი დახმარება (იურიდიული კონსულტაცია, ადვოკატირება);
  • საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება.


თბილისის კრიზისული ცენტრი ასევე უზრუნველყოფს მოკლევადიან სადღეღამისო
საცხოვრისს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისთვის (შვილებთან ერთად), რაც მოიცავს კვებით, ჰიგიენის და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფასაც;

კრიზისული ცენტრებში მომსახურებების მიღება შესაძლებელია ყოველდღე 09 საათიდან 18 საათამდე, გარდა, შაბათ–კვირისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებისა. იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი საჭიროებს დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით მომსახურებასაც, მსხვერპლის რეფერირება ხდება ფონდის დაქვემდებარებაში არსებულ თავშესაფარში, ხოლო სავარაუდო მსხვერპლის – თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში.)

კრიზისული ცენტრების მისამართები:

  • თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი: მის.: თბილისი,
    ბუდაპეშტის ქ. N28.
  • ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი: მის.: ქუთაისი,
    დუმბაძის ქ. N59-61 ;
  • გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი: მის.: გორი, ბარნოვის ქ. N9ა.
  • ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი, მის.:
    ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ. N21, ბინა N1.
  • მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი, მის.: მარნეული, რუსთაველის ქ. N41, ბინა N48.

საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006 – სატელეფონო კონსულტაციებს უწევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.
მომსახურება 24-საათიანი, უფასო და ანონიმურია.

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ენებზე:

  • ქართული
  • ინგლისური
  • რუსული
  • აზერბაიჯანული
  • თურქული
  • სომხური
  • არაბული
  • სპარსული


ცხელი ხაზი – 116001