- მოცემული სერვისი შესაძლებლობას გაძლევთ, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და თქვენთვის სასურველი სერვისი მიიღოთ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე (112) მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გაგზავნის ან/და ვიდეო ზარის მეშვეობით.
- ეს სერვისი განკუთვნილია სპეციალურად ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. თუ თქვენ არ გაქვთ სმენის ან/და მეტყველების შეზღუდვის პრობლემა, გთხოვთ, არ გაიაროთ რეგისტრაცია.
- ამ სერვისით სარგებლობა ხდება ყველა ქვემოთ მოცემული პირობის შესაბამისად, რომელსაც თქვენ სრულად ეთანხმებით რეგისტრაციის პროცესის დასრულების ეტაპზე.
- სერვისის მიღების მიზნით თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ვერ უზრუნველყოფს არარეგისტრირებული მობილური სააბონენტო ნომრებიდან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) ან არარეგისტირებული Skype ID-დან განხორციელებული ვიდეო ზარის მიღებას, რაც შეუძლებელს გახდის გადაუდებელი დახმარების სერვისის თქვენთვის მოწოდებას.
- სერვისის მიღების მიზნით რეგისტრაცია ხდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ვებგვერდის (www.112.gov.ge) მეშვეობით. სარეგისტრაციო პროფილის შესაქმნელად უნდა გამოიყენოთ თქვენს მფლობელობაში არსებული მობილური სააბონენტო ნომერი. რეგისტრაციის პროცესში უნდა შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი, ხოლო რეგისტრაციის დასრულების ეტაპზე თქვენ მიერ მითითებულ მობილურ სააბონენტო ნომერზე გამოიგზავნება აქტივაციის კოდი, რომლის სისტემაში შეყვანაც აუცილებელია რეგისტრაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.
- რეგისტრაციის შემდეგ სისტემაში შესვლა ხდება თქვენი მობილური სააბონენტო ნომრითა და რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ არჩეული პაროლით. სისტემაში შესვლის გზით თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, შეცვალოთ თქვენი პროფილის საინფორმაციო ველებში მითითებული ინფორმაცია ან/და გააუქმოთ რეგისტრირებული პროფილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ, სრულად წაშალოთ თქვენი პროფილის არასავალდებულო საინფორმაციო ველებში შეტანილი ინფორმაცია.
- თქვენ მიერ მობილური სააბონენტო ნომრის შეცვლის შემთხვევაში, სერვისის მომხმარებლად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ თავიდან. თქვენ ასევე შეგიძლიათ, რეგისტრირებული პროფილის გაუქმების შემდეგ, სერვისის მომხმარებლად ხელახალი რეგისტრაცია გაიაროთ იმავე მობილური სააბონენტო ნომრით.
- სერვისით მომხმარებლად რეგისტრაციის შედეგად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ამუშავებს თქვენ შესახებ პერსონალურ მონაცემებს თქვენი სარეგისტრაციო პროფილის საინფორმაციო ველებში მითითებული ინფორმაციის მოცულობით. თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „გ“, „ვ“, ქვეპუნქტებისა და იმავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
- სარეგისტრაციო ველებში თქვენ მიერ შეტანილი პერსონალური მონაცემები დაცულია და მათი შემდგომი დამუშავება მოხდება მხოლოდ ამ პირობებით განსაზღვრული წესისა და შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
- რეგისტრაციის პროცესის დასრულებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების ვერიფიკაციის მიზნით, აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა გადაამოწმოს სხვა სახელმწიფო უწყებაში ან/და ორგანიზაციაში არსებულ მონაცემთა ბაზებში არაუმეტეს თქვენი სარეგისტრაციო პროფილის სავალდებულო საინფორმაციო ველებში მითითებული ინფორმაციის მოცულობისა.
- თქვენი სარეგისტრაციო პროფილის სავალდებულო საინფორმაციო ველებში განზრახ არასწორი ინფორმაციის ასახვის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებას იტოვებს, ცალმხრივად გააუქმოს თქვენი რეგისტრაცია, რის შესახებაც გეცნობებათ რეგისტრაციის მიზნით გამოყენებულ მობილურ სააბონენტო ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გამოგზავნის გზით.
- გადაუდებელი დახმარების მიღების მიზნით, რეგისტრირებული სააბონენტო ნომრიდან SMS ყოველგვარი პრეფიქსის ან სატელეფონო ინდექსის გარეშე უნდა გაიგზავნოს ნომერზე – 112, ხოლო ვიდეო ზარი უნდა განხორციელდეს Skype-ის ვიდეო ზარის ფუნქციონალის გამოყენებით.
- 112-ზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გაგზავნა არის უფასო, თუმცა SMS-ის გაგზავნის ფუნქციით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის მიერ შეიძლება მოითხოვებოდეს თქვენი მობილური სააბონენტო ნომრის ანგარიშზე დადებითი ნაშთის არსებობა.
- რეგისტრირებული სააბონენტო ნომრიდან 112-ზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გაგზავნის პარალელურად, 112-ის მხრიდან საპასუხო SMS-ის მიღებამდე, სასურველია, თქვენი თანმყოფი პირების მიერ 112-თან დაკავშირება მოხდეს აუდიო სატელეფონო შეტყობინების მეშვეობითაც. აღნიშნული გარემოება განპირობებულია იმით, რომ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის მიერ SMS-ის გაგზავნა ხდება სტანდარტული პირობებით და შეიძლება არ იქნეს გარანტირებული თქვენ მიერ გაგზავნილი შეტყობინების დაუყოვნებლივ მიღება 112-ის მიერ.
- 112-ზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისას SMS-ის ტექსტში მნიშვნელოვანია მიუთითოთ შეტყობინების გაგზავნის დროს თქვენ ფაქტობრივ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული მონაცემები (მისამართი) და იმ კონკრეტული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რის გამოც ითხოვთ გადაუდებელ დახმარებას. ამ მონაცემების დაუზუსტებლობის შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების შესაბამისი რესურსი შეიძლება გამოიგზავნოს თქვენ სარეგისტრაციო პროფილში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე.
- გადაუდებელი დახმარების სასურველი სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
- 112-ზე გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები ან/და ვიდეო ზარები სარგებლობენ იმავე პრიორიტეტით, რაც გააჩნიათ აუდიო სატელეფონო შეტყობინებებს.
- SMS შეტყობინების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორთა დაფარვის ზონაში არსებული ლოკაციებიდან.
რეგისტრაციის პირობებზე თანხმობის გამოხატვით თქვენ ასევე აცხადებთ, რომ:
- სარეგისტრაციო ფორმის ნებისმიერ ველში შეტანილი ინფორმაცია არის ნამდვილი და უტყუარი და სრულად ხართ პასუხისმგებელი მის სისწორეზე.
- სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილ ინფორმაციაში ნებისმიერი უზუსტობის აღმოჩენის ან/და არსებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, პასუხისმგებელი ხართ სარეგისტრაციო ფორმაში შესაბამისი ინფორმაციის შესწორებაზე.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი თქვენთვის ან სხვა დაინტერესებული პირისთვის გადაუდებელი დახმარების მოთხოვნილი სერვისის მიწოდებისას ნებისმიერ შეფერხებაზე ან ხარვეზზე, რომელიც გამომდინარეობს სარეგისტრაციო ფორმაში არსებული მონაცემების უზუსტობიდან/არასრულყოფილებიდან.
- თქვენთვის ცნობილია, საგანგებო სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის – 112-ის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის შესახებ.