დაკავშირების არხები
მობილური აპლიკაცია – 112Georgia
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა აქვს ჩამოტვირთოს და ისარგებლოს 112-ის მობილური აპლიკაციით. აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. აპლიკაცია უფასოა. გააჩნია IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
112-ის მობილური აპლიკაციის გამოყენება არამიზნობრივად ან/და ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად მკაცრად იკრძალება და ისჯება კანონით!
აპლიკაციის ფუნქციებია:
112-თან ზარის განხორციელება
აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია ზარის განხორციელება 112-ში და პარალელურად ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატების გაგზავნა (საჭიროა გააქტიურებული გქონდეთ GPS სერვისი).
112-ის ოპერატორთან მიმოწერა (ჩატი)
აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს არ შეუძლია დარეკვა, მაგრამ საშუალება აქვს, ჩატის საშუალებით, ოპერატორის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს.
ჩატის ფუნქციონალის გამოყენებისას, თუ მომხმარებელს გააქტიურებული აქვს GPS სერვისი, 112-ში გაიგზავნება ინიციატორის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები. თუ არ აქვს ინტერნეტი 112-ში ინფორმაცია გაიგზავნება SMS-ის სახით.
ჩუმი განგაში – SOS
აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას.
SOS ფუნქციონალის გასააქტიურებლად საჭიროა ჩართული გქონდეთ GPS სერვისი. SOS ღილაკზე დაჭერით იგზავნება თქვენი ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები და დაფიქსირებულ ლოკაციაზე გამოიგზავნება პოლიცია.
112-ში ვიდეოზარის განხორციელება
(სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის)
მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, აპლიკაციიდან ვიდეოზარის საშუალებით, შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ 112-ს. აღნიშნულ ზარებს ცენტრში ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მართავენ.
ვიდეოზარის ფუნქციონალის გამოყენებისას, თუ მომხმარებელს გააქტიურებული აქვს GPS სერვისი, 112-ში გაიგზავნება ინიციატორის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები. თუ არ აქვს ინტერნეტი 112-ში ინფორმაცია გაიგზავნება SMS-ის სახით.